აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. დოკუმენტს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოაწერეს ხელი.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანში 18 ივლისს ჩავიდა.
„ევროკავშირი და აზერბაიჯანი ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, გაზის მიწოდების გაზრდაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ. ევროკავშირთან ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ათზე მეტი წლის წინ მოეწერა ხელი. ევროკავშირი-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობა ახალ საფეხურზე ავიდა და დღესაც გრძელდება სამხრეთ გაზის დერეფნის ფარგლებში. ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას და სამხრეთ გაზის დერეფანი ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - წერს აზერბაიჯანული მედია.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო.
სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.
2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.