ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს გააორმაგებს

ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს გააორმაგებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუწყება Azernews.

ევროკომისიამ ორშაბათს ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის იმპორტის გაორმაგების შესახებ 2027 წლისთვის, რაც გულისხმობს წელიწადში სულ მცირე 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას.

„დღეს, ამ ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმით, ჩვენ ვხსნით ახალ თავს ჩვენს ენერგეტიკულ თანამშრომლობაში აზერბაიჯანთან, რომელიც არის მთავარი პარტნიორი ჩვენს მცდელობებში, თავი დავაღწიოთ რუსეთის წიაღისეულ საწვავს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.


შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო.

სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.

2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.