საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტ კატრინ გიორინგ-ეკარდტს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოსა და გერმანიას მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებთ. მან მადლიერება გამოხატა გერმანიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროკავშირში წევრობის გზა და ხაზი გაუსვეს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების განხორციელებაზე.
შალვა პაპუაშვილმა და კატრინ გიორინგ-ეკარდტმა აგრეთვე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული აგრესია და მისი შედეგები საქართველოსა და რეგიონისთვის.