ირანის ნავთობის ეროვნულმა კომპანია NIOC-მა და რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ $40 მილიარდის ღირებულების ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს.
NIOC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰსენ ჰოჯასტეხმერმა და გაზპრომის მართვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვიტალი მარკელოვმა დოკუმენტს ონლაინ ცერემონიაზე მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად, „გაზპრომი“ ირანულ NIOC-ს კიშისა და ჩრდილოეთ პარსის გაზის საბადოებისა და ნავთობის 6 საბადოს განვითარებაში დაეხმარება.
რუსული გაზის გიგანტი ასევე თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) პროექტების დასრულებასა და გაზის საექსპორტო მილსადენების მშენებლობაში და სხვა სამეცნიერო-ტექნიკურ საკითხებში ჩაერთვება.
ცნობილია, რომ ირანი რუსეთის შემდეგ გაზის წარმოებით მსოფლიოში მეორეა, მაგრამ აშშ-ს სანქციებმა თეირანში ინოვაციურ ტექნოლოგიაზე წვდომა და გაზის ექსპორტის განვითარება შეაფერხა.