ირანი, რუსეთისთვის შესაძლოა, მესამე ქვეყნებიდან საქონლის იმპორტისთვისა რუსეთიდან ხორბლისა და მზესუმზირის ზეთის ექსპორტისთვის სატრანსპორტო ჰაბი გახდეს. ამის შესახებ რუსული მედია, ირანის ელჩზე ყაზემ ჯალალზე დაყრდნობით წერს.
- ლიეტუვა კალინინგრადისკენ რუსულ სანქცირებულ ტვირთებს აღარ გაატარებს
- ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ კალინინგრადის ოლქში ტრანზიტის ბლოკირება ომის გამოცხადების ტოლფასია
ამასთან, ტვირთების ტრანსპორტირებისთვის საჭიროა საერთაშორისო დერეფნის „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ განვითარება.
„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ რუსული ხორბალი და მზესუმზირის ზეთი ირანში იმპორტზე გავიტანოთ. სანაცვლოდ კი ირანი რუსეთში სხვა საქონელს შემოიტანს, რაზეც ჩვენ უკვე მოვილაპარაკეთ. ირანი შესაძლოა, იქცეს ძალიან კარგ ჰაბად რუსული საქონლის ექსპორტ-იმპორტისთვის. იმ პროდუქციას რასაც ვაწარმოებთ თავად გავგზავნით რუსეთში და თუ რამე კიდევ იქნება საჭირო, იმას შევისყიდით და რუსეთში შევიტანთ. ამიტომ ჩვენ ამ საკითხს სერიოზულად განვიხილავთ“, - განაცხადა რუსეთში ირანის ელჩმა.
მან აღნიშნა, რომ ტვირთების ტრანსპორტირება „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ საერთაშორისო დერეფნით განხორციელდება, რომელსაც სატრანსპორტო, სარკინიგზო და კომბინირებული საზღვაო მარშრუტები აქვს.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ამ მიზნით ირანსა და აზერბაიჯანს შორის რეშტ-ასტარას სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობის საკითხი მუშავდება, სადაც რუსეთის მონაწილეობაც არის მოსალოდნელი.
„რკინიგზა იწყება სპარსეთის ყურედან ფინეთის ყურემდე და სანკტ-პეტერბურგამდე. ... ახლა, რა თქმა უნდა, [გზა] არ არის დასრულებული, ვგულისხმობ რაშტსა და ასტარას შორის. ჩვენ ვმუშაობთ ამ მონაკვეთის რუსეთთან ორმხრივ ფორმატში აშენების საკითხზე“, - დასძინა ყაზემ ჯალალიმ.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ირანი დაინტერესებულია ქვეყნებს შორის საჰაერო სატრანსპორტო კავშირების განვითარებით, კერძოდ, მახაჩკალასა და თეირანს შორის პირდაპირი ფრენების გახსნით.მისი თქმით, რუსულ კომპანიებს ამჟამად უფრო მეტი შანსი აქვთ რეგულარული ფრენის დასაწყებად.
შეგახსენებთ, რომ მთავრობათაშორის შეთანხმებას, ჩრდილოეთ-სამხრეთის მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ, რუსეთმა, ინდოეთმა და ირანმა ჯერ კიდევ 2000 წელს მოაწერეს ხელი. შეთანხმების რატიფიცირება მოსკოვის მიერ 2002 წელს მოხდა. თუმცა ეს მარშრუტი მხოლოდ ახლა იწყებს უფრო აქტიურად განვითარებას. „ამის სტიმული იყო ევროკავშირის სანქციები და, შედეგად, სხვადასხვა შეზღუდვები და ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვის ვარდნა“, - წერს რუსული მედია.