ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით არსებული პოტენციალი და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და უზბეკეთის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მიიწვია.
- ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
- ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო
მთავრობის მეთაურის თქმით, მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო უზბეკეთს არა მხოლოდ მნიშვნელოვან და სანდო პარტნიორად, არამედ მეგობრადაც განიხილავს.
საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკისა და სხვადასხვა სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და ხაზი გაესვა ორმხრივი ვაჭრობის ბრუნვის პოზიტიურ დინამიკას. გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა. ირაკლი ღარიბაშვილმა შავკატ მირზიოევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ცნობისთვის, მთავრობის მეთაურს უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი, ვიცე-პრემიერი, ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჟამშიდ ხოჯაევი, უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფურკატ სიდიკოვი და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ აბდუშელიშვილი დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. უზბეკეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.