აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, გამოვიდეს ტელევიზიით და მოუწოდოს ხალხს, რომ მისმა "ექსტრემისტულმა ჯგუფმა კაპიტოლიუმი დატოვოს".
ბაიდენმა კაპიტოლიუმში მომხდარს "აჯანყება" უწოდა და ტრამპი დაადანაშაულა სიძულვილისა და ქაოსის წახალისებაში.
"პრეზიდენტ ტრამპს მოვუწოდებ, გამოვიდეს ეროვნული ტელევიზიით, შეასრულოს ფიცი, დაიცვას კონსტიტუცია და მოითხოვოს ამ ალყის დასრულება”, - განაცხადა ბაიდენმა დელავერის ქალაქ უილმინგტონიდან.
ბაიდენმა მომხდარს დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა უწოდა.
"მსგავსი რამ აქამდე არ გვინახავს. თავდასხმა ხდება თავისუფლების ციტადელზე, ხალხის წარმომადგენლებზე. ეს ქაოსი არ ასახავს ჭეშმარიტ ამერიკას. მცირე რაოდენობის ექსტრემისტების ჯგუფი უკანონობას ემსახურება. ეს არ არის განსხვავებული აზრი. ეს არეულობა და ქაოსია, რომელიც ახლავე უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.