თბილისის მერი კახა კალაძე ტაშკენტში შოთა რუსთაველის რეაბლიტირებული ძეგლის გახსნის მნიშვნელობაზე საუბრობს და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს, ზურაბ აბდუშელიშვილს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„გვქონდა შესაძლებლობა, რომ ტაშკენტის მერთან ერთად, ხელი მოგვეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმისთვის. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, გვექნება შესაძლებლობა, სხვადასხვა მიმართულებით ვითანამშრომლოთ, რაც ძალიან დიდი შესაძლებლობაა, თბილისსა და ტაშკენტს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ, კიდევ უფრო საინტერესო და მეგობრული გავხადოთ და რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ.
ამ ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეხსნა შოთა რუსთაველის რეაბილიტირებული ძეგლი და მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ძალიან ლამაზია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის და ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის. ასევე, ამ ყველაფერში ჩართული იყო ჩვენი ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბდუშელიშვილი და მისი ოჯახის მხარდაჭერითაც ძალიან ბევრი გაკეთდა, რომ ეს სივრცე მოწესრიგებული ყოფილიყო. უშუალოდ, ფინანსური დახმარებით, პროექტში მიიღეს მონაწილება, რაც რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ.