დონალდ ტრამპი დემონსტრანტებს მოუწოდებს, სახლებში დაბრუნდნენ და მშვიდობა შეინარჩუნონ

დონალდ ტრამპი დემონსტრანტებს მოუწოდებს, სახლებში დაბრუნდნენ და მშვიდობა შეინარჩუნონ. მისი თქმით, მოპარული არჩევნების მიუხედავად, მათ უნდა შეინარჩუნონ კანონი და წესრიგი, რათა არავინ დაშავდეს.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს Twitter-ში ვიდეომიმართვით გამოეხმურა.

„ახლა სახლში უნდა წახვიდეთ, ჩვენ მშვიდობა უნდა გვქონდეს, კანონი და წესრიგი უნდა გვქონდეს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ კანონისა და წესრიგის დამცველ ხალხს. არ გვსურს, რომ ვინმე დაშავდეს. ეს ძალიან რთული დროა. ამის მსგავსი დრო, როდესაც ჩვენ ყველას, მე, თქვენ, ჩვენ ქვეყანას არჩევნები წაგვართვეს, არ გვინახავს. ეს იყო გაყალბებული არჩევნები, თუმცა ამ ხალხს ხელს ვერ შევუწყობთ. ჩვენ მშვიდობა უნდა გვქონდეს“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ მიკრობლოგმა Twitter-მა დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას გადაზიარებისა და მოწონების ფუნქცია გაუთიშა, როგორც ძალადობის რისკის შემცველ განცხადებას.

Twitter-ის განმარტებაში, რომელიც ტრამპის ვიდეომიმართვის ქვეშ არის დართული აღნიშნულია, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოსაზრება არის სადავო.