საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვას კიდევ ერთხელ უპასუხა. ამერიკის ელჩის თქმით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, ეხმარება საქართველოს სასამართლო სისტემის შესაძლებლობების განვითარებაში, მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალიზმის გაუმჯობესებაში, გამჭვირვალობასა და დამოუკიდებლობაში.
კელი დეგნანის განცხადებით, ეს მოიცავდა უამრავ გაცვლით პროგრამას შეერთებული შტატების ექსპერტებსა და ქართველ მოსამართლეებს, პროკურორებსა და იურისტებს შორის.
„ჩვენ საქართველოსთან ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაქვს და როგორც ყველა კარგი მეგობარი, ზოგჯერ არ ვეთანხმებით ერთმანეთს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს, ვისაუბროთ ჩვენს უთანხმოებებზე და ამას, როგორც წესი, კერძო საუბრებში ვაკეთებთ, რაც ყველაზე ეფექტიანია.
ხანდახან საჯაროდაც ვსაუბრობთ, იმ შემთხვევაში, თუ ამ საკითხზე დიდი შეშფოთება გვაქვს და ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ შემთხვევაშიც. ჩვენ გამოვაქვეყნეთ საჯარო განცხადება, რომელშიც გამოვთქვით შეერთებული შტატების შეშფოთება (ნიკა გვარამიას საქმეზე. რედ.) დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით.
მხოლოდ შეერთებული შტატები არ გამოხატავს ამ შეშფოთებებს. იგივე წუხილი გამოთქვეს სახალხო დამცველმა, არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და საქართველოს საერთაშორისო მეგობრებმა. ამრიგად, ეს არ არის რაღაც, რაც ფარულად გაკეთდა. ეს გაკეთდა საკმაოდ საჯაროდ და ეს საკმაოდ ნორმალურია. ეს არის სტანდარტული პრაქტიკა“, - აღნიშნავს ელჩი და ამატებს, რომ ეს არ არის სკანდალი, არამედ, ძალიან რუტინული პროცესია.