აშშ-ის ელჩი მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაზე: არ შემიძლია, დავადასტურო ვიღაცის ჭორები, რადგან არ ვიცი, რაზე საუბრობს ის

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანს საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ ყაველაშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა.

„მესტიასა და ზუგდიდში ვიყავი. მთელი დღის განმავლობაში პოზიტიურ და შთამბეჭდავ ქართველებს ვსტუმრობ. თვალყურს არ ვადევნებ თბილისში რაც ხდება. ყველაზე სასიამოვნო რაც რეგიონებში მოგზაურობისას აღმოვაჩინე, მართლაც ხედავ, სად არის ამ ქვეყნის მომავალი, ხალხი რეგიონებში ნამდვილად არის ორიენტირებული მომავალზე და არა ამაზე. არ ვიცი, რაზეა საუბარი. არ შემიძლია, დავადასტურო ვიღაცის ჭორები, რადგან არ ვიცი რაზე საუბრობს ის“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

„კითხვა ჩნდება, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? - იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა“, - განაცხადა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 19 ივლისს. ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 8 ივლისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“.