თურქმენეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში, აშხაბადში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვთან.
საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობების თემატიკა, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ლოგისტიკის, ტურიზმის სფეროებში და ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების საკითხები.
მათივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე რეგიონული სატრანსპორტო-სატრანზიტო დერეფნების ფარგლებში. კერძოდ აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებული ახალი შესაძლებლობები ქმნიან სამომავლო ურთიერთქმედების საგრძნობი გაძლიერების პერსპექტივებს.
„მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის 2023-2024 წლების პროგრამის ხელმოწერა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ორმხრივი ურთიერთქმედების გაძლიერებას საგარეო პოლიტიკის, ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაფართოების, საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის სრულყოფისა და განვითარების საკითხებში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა ერთმანეთს მიულოცეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი, რომელიც 2022 წლის 16 ივლისს აღინიშნა და ხაზი გაუსვეს ორმხრივი დიალოგის მაღალ დონეს, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში დინამიკურად ვითარდებოდა ყველა მიმართულებით.