6 ევროპარლამენტარისგან შემდგარი დელეგაცია საქართველოშია. დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრას გამართავს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. დაგეგმილია შეხვედრები პრემიერთან, მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლებთან. ევროდეპუტატები ასევე შეხვდებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
ვიზიტს წინ უძღოდა დებატები ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც 13 ივლისს, ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა (ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი S&D) საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ანგარიში (პროექტი) წარადგინა.
ანგარიშის პროექტი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები. 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენს გზას საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ. მიქსერმა საქართველოში არსებულ ღრმა პოლარიზაციის პრობლემასაც გაუსვა ხაზი.
ამავე კომიტეტის სხდომაზე დევიდ მაკალისტერმა განაცხადა, რომ „საქართველოში ყველა პოლიტიკიური ძალისთვის გადამწყვეტი მომენტია“.
„საქართველოში ყველა პოლიტიკიური ძალისთვის გადამწყვეტი მომენტია, რათა მათ შორის არსებული პოლიტიკური განსხვავებების გადალახვის გზები იპოვონ, შეუერთდნენ ერთიან ძალისხმევას და გადადგან ნაბიჯები ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებისთვის, რაც ქართველი ხალხის მტკიცე მისწრაფებას წარმოადგენს“, - აღნიშნა დევიდ მაკალისტერმა.
ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის პროექტის განხილვისას, ევროკომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, ევროკომისია ანგარიშს პრიორიტეტებზე 2023 წლის გაფართოების პაკეტში წარადგენს.
გადაწყვეტილება თავად ევროკომისიის წარმომადგენელმა იმით ახსნა, რომ „საკმარისი დრო მიეცემა საქართველოს პოლიტიკურ სისტემას, საფუძვლიანად იმუშაოს დასახელებულ პრიორიტეტებზე. ასევე, მეტი დრო ექნება ქართულ პოლიტიკურ ელიტას, მოახდინოს ქვეყნის დეპოლარიზაცია, დასხდეს საერთო მაგიდასთან, რათა საფუძვლიანად იმუშაოს რეფორმებზე“.