თეგი: ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი: რუსეთს მკაფიო მესიჯს ვუგზავნით

გერმანელი პოლიტიკოსი მიჰაილ გალარი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, უკრაინას ეწვია. „გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ. დავაფიქსირეთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური მისწრაფების მიმართ, შეეწინააღმდეგოს რუსეთის აგრესიას. რუსეთს მკაფიო მესიჯს ვუგზავნით: შეწყვიტეთ უკრაინის საქმეებში ჩარევა და დესტაბილიზაცია. თავი შეიკავეთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შემდგომი დარღვევისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, უპრეცედენტო სანქციები გემუქრებათ“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.

ევროპარლამენტარების დელეგაცია საქართველოშია

6 ევროპარლამენტარისგან შემდგარი დელეგაცია საქართველოშია. დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრას გამართავს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. დაგეგმილია შეხვედრები პრემიერთან, მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლებთან. ევროდეპუტატები ასევე შეხვდებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ვიზიტს წინ უძღოდა დებატები ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც 13 ივლისს, ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა (ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი S&D) საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ანგარიში (პროექტი) წარადგინა. ანგარიშის პროექტი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები. 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენს გზას საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ. მიქსერმა საქართველოში არსებულ ღრმა პოლარიზაციის პრობლემასაც გაუსვა ხაზი. ამავე კომიტეტის სხდომაზე დევიდ მაკალისტერმა განაცხადა, რომ „საქართველოში ყველა პოლიტიკიური ძალისთვის გადამწყვეტი მომენტია“.  „საქართველოში ყველა პოლიტიკიური ძალისთვის გადამწყვეტი მომენტია, რათა მათ შორის არსებული პოლიტიკური განსხვავებების გადალახვის გზები იპოვონ, შეუერთდნენ ერთიან ძალისხმევას და გადადგან ნაბიჯები ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებისთვის, რაც ქართველი ხალხის მტკიცე მისწრაფებას წარმოადგენს“, - აღნიშნა დევიდ მაკალისტერმა.  ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის პროექტის განხილვისას, ევროკომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, ევროკომისია ანგარიშს პრიორიტეტებზე 2023 წლის გაფართოების პაკეტში წარადგენს. ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას გადაწყვეტილება თავად ევროკომისიის წარმომადგენელმა იმით ახსნა, რომ „საკმარისი დრო მიეცემა საქართველოს პოლიტიკურ სისტემას, საფუძვლიანად იმუშაოს დასახელებულ პრიორიტეტებზე. ასევე, მეტი დრო ექნება ქართულ პოლიტიკურ ელიტას, მოახდინოს ქვეყნის დეპოლარიზაცია, დასხდეს საერთო მაგიდასთან, რათა საფუძვლიანად იმუშაოს რეფორმებზე“.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისშია

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისშია. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.  „მოხარული ვარ თბილისში ყოფნით, რუსული აგრესიის დამარცხების გზების განსახილველად. უკრაინის გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ პოლონეთისთვის, საქართველოსთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის“, – წერს ანა ფოტიგა. ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ საქართველოში ყოველ ვიზიტს პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის, საქართველოს დიდი მეგობრის, ლეხ კაჩინსკისთვის პატივის მიგებით იწყებს, რომელსაც რუსული საფრთხეები ძალიან კარგად ესმოდა. რაც შეეხება თბილისში ვიზიტის მიზეზს, ფოტოგა წერს, რომ საქართველოში რუსული აგრესიის დამარცხების გზების განსახილველად იმყოფება.   

ილია დარჩიაშვილი ევროპარლამენტარ ვიტოლდ იან ვაშიკოვსკის შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროპარლამენტარ ვიტოლდ იან ვაშიკოვსკის შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ევროპარლამენტს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და მიესალმნენ ევროპარლამენტის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. "საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, როგორც იმ პროგრესის აღიარებას, რომელსაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიაღწია. გამოითქვა იმედი, რომ საქართველო ახლო მომავალში მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რაშიც ევროპარლამენტი პოზიტიურ წვლილს შეიტანს. რეგიონში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ბრიუსელში იმყოფება. მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ევროპარლამენტარი: სამართლიანობა გაიმარჯვებს მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და ყველა ოკუპირებული ტერიტორია სრულად გათავისუფლდება

29 წლის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა რუსეთის მიერ პროვოცირებული და მხარდაჭერილი ძალების წინაშე. რუსეთი გადაიხდის თავისი სამხედრო დანაშაულებისთვის და განდევნილ იქნება საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან, სამართლიანობა გაიმარჯვებს მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და ყველა ოკუპირებული ტერიტორია სრულად გათავისუფლდება  – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს. „29 წლის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა რუსეთის მიერ პროვოცირებული და მხარდაჭერილი ძალების წინაშე, რასაც მოყვა ეთნიკური წმენდა და მასობრივი მკვლელობები, 250 ათასზე მეტი ადამიანი თავიანთი სახლებიდან იძულებით გადაადგილებულად იქცა. დღეს თავისუფლებისთვის უკრაინის გმირულმა ბრძოლამ რუსეთის იმპერიალისტური მიზნების დამარცხების შანსი შექმნა. უკრაინაში რუსეთის აგრესია არის რუსეთის მიმართ დაუსჯელობის და დათმობის პოლიტიკის შედეგი. რუსეთი გადაიხდის თავისი სამხედრო დანაშაულებისთვის და განდევნილ იქნება საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან. სამართლიანობა გაიმარჯვებს მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და ყველა ოკუპირებული ტერიტორია სრულად იქნება გათავისუფლებული“, – წერს ფოტიგა. 27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა. რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლამდე, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობა გამოცხადდა. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები. სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.  

ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი დააკავა

ბელგიის პოლიციამ ბერძენი ევროპარლამენტარი, საბერძნეთის „პანელინური სოციალისტური მოძრაობის“ წევრი, ევა კაილი დააკავა, რომელიც ევროპარლამენტის 14 ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთია. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გამოძიება საქმესთან დაკავშირებული დაკავებულების ვინაობას ოფიციალურად არ ასახელებს. მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა ევროპარლამენტის ერთ-ერთი ვიცეპრეზიდენტი და საბერძნეთის სოციალისტური პარტიის, PASOK-ის წევრი, ევა კაილი. დაკავებულები, ეჭვმიტანილი არიან ფულის გათეთრებაში, კორუფციასა და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ გამართვასთან დაკავშირებით. ბერძნულ პრესაში ვრცელდება პარტიის განცხადებაც, რომლის თანახმადაც, კორუფციაში ბრალდების გამო, კაილი პარტიიდან გარიცხეს. ცნობისთვის, სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, ბრიუსელში ჩხრეკა 16 მისამართზე ჩაატარეს. მათ, დაახლოებით, 600 000 ევრო ნაღდი ფული, ასევე კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები ამოიღეს.  

ვიოლა ფონ კრამონი: კანონპროექტის გაწვევა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოდან, თუმცა მხოლოდ პირველი ნაბიჯი, არა რუსულ კანონს

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოდან, თუმცა მხოლოდ პირველი ნაბიჯი. არა რუსულ კანონს“, – წერს კრამონი. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.  

კრამონი: პირველ ნაბიჯს სხვა ქმედებებიც უნდა მოჰყვეს

 ეს არის პირველი ნაბიჯი, რასაც სხვა ქმედებებიც უნდა მოჰყვეს - ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტის ჩაგდებას ეხმაურება. „კარგია საქართველოსთვის, მაგრამ მაინც პირველი ნაბიჯია. კიდევ ბევრი რამ უნდა მოჰყვეს. რეფორმები სასამართლო და საარჩევნო სისტემებში, 12 პრიორიტეტი“, - წერს ევროპარლამენტარი. შეგახსენებთ, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ვინ დაუჭირა მხარი და ვინ არა „უცხოელი გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას