ლოგისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით თურქულმა მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქული კომპანია HIDROMEK-ის 8 ერთეული მინი ექსკავატორი-მტვირთავი ტრაქტორი გადასცა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკის გადაცემის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი დაესწრნენ. მათ ახალი ლოგისტიკური საშუალებები ადგილზე დაათვალიერეს და ტექნიკის შესაძლებლობებს გაეცნენ.
ღონისძიებაზე ტექნიკის მიღება-ჩაბარების ოქმიც გაფორმდა, რომელსაც ხელი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, პოლკოვნიკმა კახა ტაბატაძემ და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს.
ლოგისტიკური ტექნიკა საქართველოს თურქეთის რესპუბლიკასთან 2019 წელ ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში გადაეცა. ტექნიკის ღირებულება 404.824 აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2019 წელს ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზნებისთვის 5-წლიან პერიოდში 100 მლნ თურქული ლირის ოდენობის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს.