ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, გაერთიანდეს ყველა პოლიტიკური ძალა და გვერდზე გადადონ განსხვავებები, კონსტრუქციულად ისაუბრონ და იმუშაონ ერთი მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოსთვის ევროპის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა.
მაკალისტერის თქმით, ევროპის გაფართოება რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამისი რეფორმების გატარებას, განსაკუთრებით, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების მიმართულებით. ევროპარლამენტარის განმარტებით, ეს არა ვაჭრობის საგანი, არამედ, პროცესია, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებთან უნდა იყოს შესაბამისობაში. მისივე თქმით, საქართველოს გაწევრიანება კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზეა დამოკიდებული. მაკალისტერის თქმით, საქართველოს მოსახლეობა იმსაუხურებს, იცხოვროს დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში.
„საქართველოში ვიზიტი არის სამხრეთ კავკასიაში ჩვენი მისიის ერთ-ერთი ნაწილი და ჩვენ შევხვდებით საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებს, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, ძირითადად ვისაუბრებთ საქართველოს განაცხადზე ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ, რომ წინა თვეში ევროპული საბჭოს მიერ მირებული გადაწყვეტილება გახლდათ მართლაც და ისტორიული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა.
ეს გახლავთ აღიარება, რომ ევროპის პარლამენტი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მზადაა, საქართველო დაუახლოოს ევროპულ კავშირს, რამეთუ ევროპის კავშირის ოჯახის წევრია. თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა გადაჭრას გარკვეული პრიორიტეტული საკითხები იმისათვის, რომ მან მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს პრიორიტეტები ძალიან მკაფიოდ არის გამოსახული ევროპის კომისიის მოსაზრებაში.
ქალბატონ ზურაბიშვილთან ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანდეს ყველა პოლიტიკური ძალა და გვერდზე გადადონ განსხვავებები, კონსტრუქციულად ისაუბრონ და იმუშაონ ერთი მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოსთვის ევროპის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა.
სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე, ეს არის - პოლარიზაცია და ეს არის პროცესი, პოლიტიკური დისკურსი, რომელიც ხასიათდება ძალიან მკაცრი რიტორიკით და უუნარობით თუ სურვილის არ ქონით იმისათვის, რომ ადამიანებმა, დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა მხარეებმა იმუშაონ ერთად მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ მიზნის მიღწევა ქვეყნისათვის, რა მიზანიც ქვეყანას აქვს დასახული. ევროპის კავშირი ყოველთვის მოუწოდებდა დაპირისპირებულ მხარეებს, რომ რამენაირად მიაღწიონ შეთანხმებას იმ ძირითად რეფორმებზე და დემოკრატიის განვითარებაზე და კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე, რაც საქართველოსთვის ასე მნიშვნელოვანია. შარლ მიშელი ხელმძღვანელობს და ჩართულია ამ პროცესში და ეს უკვე თავისთავად უჩვენებს იმ უდიდეს მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს აქვს ევროპული საბჭოსაგან.
პრეზიდენტო, თქვენც ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადები გააკეთეთ და მოუწოდეთ ყველა მხარეს ერთიანობისკენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ამ ეტაპზე. ჩვენ ძალიან დიდი იმედი მოგვცა იმ ფაქტმა, რომ ძალიან სერიოზულად მიმდინარეობს მუშაობა 12 პუნქტიან გეგმაზე. როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ, სამოქალაქო ორგანიზაციებმაც წარმოადგინეს თავიანთი გეგმები, ეს ასახავს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, როგორც ყველას მიერ გაზიარებულ მიზანს“, - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.
„საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან ბევრ ვმუშაობთ უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ჩვენი ჩართულობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ევროკავშირის მისიის არსებობა საქართველოში, ამ მხარდაჭერის ერთ-ერთი გამოხატულებაა. საქართველომ თავის კონსტიტუციაში ასახა NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი და მას აქვს მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა. ევროპარლამენტის წევრები სიამოვნებით დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ჩვენს ოჯახში“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.