შეერთებული შტატები საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ნედ პრაისმა გააკეთა. ნედ პრაისმა ბრიფინგი ხსენებული თემით, შეკითხვების დასმამდე დაიწყო.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და აშშ მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის ამ მისწრაფებას, თუმცა, ბოლო დროს საქართველოს ზოგიერთი ოფიციალური პირის რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ამ მიზნიდან ყურადღების გადატანას.
„ვფიქრობ, ყველამ იცით, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა და რეფორმების გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სრული სტატუსი მიიღოს.
ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ მათ ამ მისწრაფებას. თუმცა ბოლო დროს საქართველოს ზოგიერთი ოფიციალური პირის რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ამ მიზნიდან ყურადღების გადატანას.
ელჩი დეგნანი და მისი გუნდი ჩვენს საელჩოში, თბილისში მოწოდებულნი არიან, რომ იმუშაონ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად და მხარი დაუჭირონ მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან. ჩვენ განვაგრძობთ ფოკუსირებას საერთო მიზნების მხარდაჭერაზე.
30 წელია, მხარდამხარ ვმუშაობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ეს უცვლელი რჩება. დღეს შეერთებული შტატები მუშაობს ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რათა პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინაში რაც შეიძლება მალე დაასრულოს და უზრუნველყოს უსაფრთხო მომავალი მთელი რეგიონისთვის.
აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ განვაგრძობთ მშვიდობიანი ძალისხმევის მხარდაჭერას, რათა დასრულდეს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია", - განაცხადა ნედ პრაისმა.
შეკითხვას, თუ როგორ უნდა დაეხმაროს შეერთებული შტატები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ნედ პრაისმა უპასუხა, რომ საქართველომ თავისი წილი ვალდებულება უნდა შეასრულოს.
აშშ მხარს უჭერს საქართველოში რეფორმებს და ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს. ნედ პრაისის თქმით, ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული რეფორმების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობამ ყველა მხარესთან უნდა იმუშაოს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან.
„რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ევროკავშირის მხარე. არის გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც თავად საქართველომ უნდა გადადგას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროპის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო და ის უზრუნველყოფს საქართველოს გზის გაგრძელებას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.
მან გადადგა ნაბიჯი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების აღიარებისკენ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან - ქართველ პარტნიორებთან, ახორციელებენ რა ისინი აუცილებელ რეფორმებს და რეფორმებს, რომლისკენაც ევროკომისიამ მოუწოდა.
ჩვენ გვჯერა, რომ გზა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ არის ნათელი, რეალური, მიღწევადი და ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოიყენოს შესაძლებლობა, რომელიც მას მიეცა, გააგრძელოს ეს გზა, იმუშაოს დაინტერესებულ მხარეებთან და ქართული საზოგადოების ყველა წარმომადგენელთან ერთად შეასრულოს ევროკომისიის მიერ დასახული პრიორიტეტები“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.