„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებებში ხედავს თუ არა მმართველი პარტიის კვალს, ამ შეკითხვას უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და განაცხადა, რომ მესიჯბოქსი ყველაფერზე მეტყველებს.
„ესენი რომ არსად არიან გასული, ამაში ორი აზრი არ არის. თვითონაც ამბობენ, რომ ჩვენ ვრჩებით, მაგრამ ეს არის ფორმა, რითაც ჩვენ უფრო თავისუფლად ვსაუბრობთ და საინტერესოა, რომ მესიჯბოქსი იგივეა, არ გვანან რაღაც დამოუკიდებელ ადამიანებს. გინდ მუნიციპალიტეტებიდან გასულების თუ პარლამენტიდან, მესიჯბოქსი ერთიდაიგივეა. ამბობენ - ჩვენ გვჭირდება მეტი თავისუფლება, და ამით ამართლებენ იმას, რომ თვითონაც უზრდელად ლაპარაკობენ“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხდება თუ არა ეს „ქართული ოცნების“ დავალებით, პრეზიდენტი პასუხობს: არ ვიცი, ვისი დავალებით, მაგრამ რომ არ არიან გასული „ქართული ოცნებიდან“... თუ არა, მაშინ, საჭირო იქნებოდა, რომ მთავრობიდან ან პარტიიდან ყოფილიყო დაგმობა მათი. რაც მახსოვს, ყველა ვინც გავიდა „ქართული ოცნებიდან“, ყველა მოღალატედ მოინათლა და ახლა რა ხდება? ღირსეული ადამიანები არიანო, დადებითი შეფასებები არის და არანაირი დაგმობა მათი ექსტრემალური და უფრო რადიკალური განცხადებების. მგონი, სურათი ყველასთვის ნათელია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.