პრეზიდენტი: საგარეო საქმეთა მინისტრს შევთავაზე, რადგან მის გარდა არავინ აღარ მესაუბრება, რომ ყველა დედაქალაქში ჩავიდეთ, პასუხი არ მიმიღია - გაუგებარია, საით მივდივართ

„საგარეო საქმეთა მინისტრს შევთავაზე, რადგან მის გარდა არავინ აღარ მესაუბრება, რომ გავინაწილოთ დედაქალაქები და ყველგან ჩავიდეთ, რათა გავიგოთ, რა არის მიდგომა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. პასუხი არ მიმიღია, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

შეკითხვაზე, მაშინ როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილიც ქვეყნისთვის დამაზიანებლად იქცეოდა, როგორ უნდა დაეძლია ეს დილემა და წინააღმდეგობები ხელისუფლებას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას ეს წინააღმდეგობა მუშაობით უნდა დაეძლია.

„მუშაობით უნდა დაეძლია, უფრო ხშირად ჩასვლით ყველა დედაქალაქში. ზუსტად თარიღი არ მახსოვს, მაგრამ რადგან მის გარდა არავინ აღარ მესაუბრება, იმ მომენტში საგარეო საქმეთა მინისტრს შევთავაზე, დედაქალაქები გავინაწილოთ და ყველგან ჩავიდეთ, რომ გავიგოთ, რა არის მიდგომა ჩვენი კანდიდატურის მიმართ თქო, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. მერე ვიღაცებმა დაიწყეს ცალ-ცალკე სიარული და რაღაც. ამას სტრატეგია სჭირდება, ამ საქმეში ერთად ვართ და ეს ვერ გავაგებინე ვერავის. არც ოპოზიციას არ ესმის. მათ ჰგონიათ, რომ როცა იქ ჩადიან და ამ ქვეყნის რეპუტაციას ლახავენ, ეს ვიღაცისთვის რამენაირად მომგებიანია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

უსვამენ თუ არა შეკითხვებს არაფორმალურ მმართველობაზე, ამ შეკითხვას პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ თავისი პასუხები აქვს.

„ჩემი პასუხია, რომ მე არ მაქვს ნიშანი, მაგალითად ჩემზე, რომ არის ჩარევა პირველივე დღიდან, რაც თქვა ბიძინა ივანიშვილმა, რომ „თქვენ დამოუკიდებელი იქნებით და არავინ ჩაერევა საქმიანობაში“, გარდა ახლა რა თავდასხმებიც მოდის პრეზიდენტზე, მაგრამ ჩარევა ნამდვილად არ ყოფილა. ამას ვეუბნები უცხოელებს, რომ პირადად მე არ მინახავს ბიძინა ივანიშვილი მგონი, 2 წელი გახდა და არ მაქვს არანაირი ფაქტი, რომ თვითონ კარნახობს რომელიმე პოზიციას. შეიძლება, ზოგადად ვიღაცებთან ჰქონდეს საუბარი და თავის პოზიციებს უზიარებდეს, რაც ნორმალურია, მაგრამ სხვა - მე ფაქტი არ მაქვს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.