"რომელი პრეზიდენტიც კი გვყოლია, ამჟამინდელის ჩათვლით, ყველას აქვს კონსტიტუციური კომპლექსი - დასანანია, რომ ჯერ არ შეგვხვედრია საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც გაუგო საპარლამენტო მოდელს", – ასე გამოეხმაურა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლს ეხება.
წულუკიანის თქმით, ზურაბიშვილმა გუშინ აღიარა, რომ კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს სცდება.
„გუშინ პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა საკონსტიტუციო პროცესებზე, კონსტიტუციაზე. შეგვახსენა, რომ თურმე არსებობს საქართველოს კონსტიტუციაში მესამოცდამეთორმეტე მუხლი, ასეთი მუხლი საქართველოს კონსტიტუციას არ აქვს. საქართველოს კონსტიტუციას აქვს 78-ე მუხლი და სახელმწიფო ენაზე ეს სწორად ასე გამოითქმის და არა სხვანაირად. მან ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომ ესა თუ ის დავა, რომელსაც შეიძლება, საქართველოს საკანონმდებლო ორგანო მიიჩნევდეს დასაბუთებულად, მას მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ ასეთი საკონსტიტუციო სარჩელები არის დაუსაბუთებელი. თუმცა, ამავე ინტერვიუში და ალბათ საჭიროა, მან ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს, თქვა ის, რაც მას ძალიან შეასუსტებს დავისას. რეალურად, მეორე მხარეს მისცა არგუმენტები. გაამართლა ის, რასაც ჩვენ ყველანი ვფიქრობდით, რასთანაც საქმე გვქონდა. საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ აღიარა, რომ ის სცდება თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს და უარს ამბობს ამა თუ იმ ელჩის დანიშვნაზე, თუ მას მიაჩნია, რომ ესა თუ ის ელჩი არის წარუმატებელი. ეს არ არის მისი ფუნქცია. კონსტიტუცია ამას არ არეგულირებს სხვანაირად“, – განაცხადა წულუკიანმა "პირველ არხთან".
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაში დაადანაშაულა.
„მე შევასრულე 78-ე მუხილი კონსტიტუციის, რომელიც მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო რაც ჩემს შესაძლებლობაშია. სხვათა შორის, ამ მუხლს საპარლამენტო უმრავლესობიდან ბევრი თავისი გამოსვლით არღვევს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ასევე წაიკითხეთ:
- სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ელჩებს
- პრეზიდენტი: 37 ელჩიდან 36-ის დანიშვნაზე ხელი მოვაწერე, ერთადერთია გაეროში დავით ბაქრაძე - 5 წელი იყო ელჩი და არაფერი გაუკეთებია