ეუთოში აშშ-ის წარმომადგენელმა, ჯეიმს სტიუარტ გილმორმა ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ „არ არსებობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი, ეს საქართველოს ტერიტორიაა“.
“პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო კომენტარს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მისვლის შესახებ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს. ეს საქართველოს უკუპირებული ნაწილია. ეს ტერიტორია საქართველოს ტერიტორიაა. კომენტარი გაკეთდა სამხრეთ ოსეთის საზღვართან დაკავშირებით. სამხრეთ ოსეთის საზღვარი არ არსებობს. ეს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაა”, – განაცხადა გილმორმა.
მან უკანონო ბორდერიზაციის განახლების შესახებაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ აშშ აღშფოთებულია რუსეთის მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ ინტენსიურ “ბორდერიზაციით” საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე 12 სოფელთან.
“მოვუწოდებთ ღობეების, ნიშნების, ბარიერების, ნებისმიერი ახალი კონსტრუქციის აღმართვის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ, რომელიც მიმართულია “ბორდერიზაციის” გასამყარებლად ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ; ეს აქტივობები მოსკოვის მხრიდან 2008 წლიდან დღემდე საქართველოს ტერიტორების მიტაცების მცდელობათა სერიის გაგრძელებაა.”- განაცხადა გილმორმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს, რათა პანდემია გამოიყენოს საზიანო გავლენების გასაძლიერებლად.
“ლუგარის ცენტრი დაარსდა იმისათვის, რომ გამოევლინა და ებრძოლა ისეთ ეპიდემიებთან, როგორიც COVID-19-ია. ლიმიტირებული კვლევის კანონიერი მეთოდებით, პროაქტიული დაგეგმვით და დაავადებათა მონიტორინგით, სანდო საჯარო გზავნილებით და ჯანდაცვის უწყების ოფიციალურ პირებთან კოორდინირებული კომუნიკაციით, მან მიაწოდა ინფორმაცია ჯანდაცვის უწყებას საქართველოში და ხელი შეუწყო ადამიანების გადარჩენას. მოსკოვის ეჭვები საბჭომ არ უნდა განიხილოს”, – თქვა ეუთოში აშშ-ის ელჩმა ჯეიმს სტიუარტ გილმორმა.
26 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება, რომელშიც პრეტენზიებს და შეშფოთებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ მის ექსპერტებს ლუგარის ლაბორატორიაში შესვლის და შემოწმების უფლება არ ეძლევათ.
განცხადებაში წერია, რომ „ლუგარის სახელობის ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის“ ბაზაზე უცხო სახელმწიფოების მიერ წარმოებული სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობა კითხვებს ბადებს. მათ ხელში არსებული ინფორმაციით, ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებს ამერიკული სამხედრო უწყებები და მათთან აფილირებული სტრუქტურები აფინანსებენ.