სოსო გოგაშვილი: ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება და ამას თეთრი ხელთათმანებით ვერ გავაკეთებდი

ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება და ამას თეთრი ხელთათმანებით ვერ გავაკეთებდი. ვინც მე მაკრიტიკებთ, თუ სად ვიყავი აქამდე, გაიარეთ იმ გზის ნახევარი იმ გარემოცვაში, რაც მე მოვახერხე და ისე დამამუნათეთ, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, დაკავებული სოსო გოგაშვილის მიმართვაშია ნათქვამი.

„დანიშვნის შემდეგ, როდესაც გახშირდა უკანონო დავალებები, მივხვდი, თუ რა სისტემაში აღმოვჩნდი, ამიტომ დავდექი არჩევანის წინაშე. ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება და ამას თეთრი ხელთათმანებით ვერ გავაკეთებდი. მქონდა სამი არჩევანი: 1. სამსახურიდან წამოსვლა, 2. ყველაფერზე ხელის მოწერა და ჩაყოლა, 3. დარჩენა, ყველა მტკიცებულების მოგროვება და სისტემის მხილება, რომელიც, ხვდებით რომ ავირჩიე და ამიტომ ვზივარ აქ. ვინც მე მაკრიტიკებთ, თუ სად ვიყავი აქამდე, გაიარეთ იმ გზის ნახევარი იმ გარემოცვაში, რაც მე მოვახერხე და ისე დამამუნათეთ. ახლა დროის კარგვის ნაცვლად, ჯობია ეს ბინძური სისტემა დავამთავროთ და ჩემს დასჯას ყოველთვის მოახერხებთ, არ ვაპირებ ამ ქვეყნიდან არსად წასვლას”, - ნათქვამია სოსო გოგაშვილის მიმართვაში.


ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს. 

გოგაშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე, 157-ე და 236-ე მუხლებით ოფიციალურად წარედგინა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდება სოსო გოგაშვილს სხვა ბრალდებებთან ერთად 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება, რომელიც 2021 წლის თებერვალში გავრცელდა.

„მეორე ეპიზოდი არის სამსახურეობრივი უფლებოსილების გადამეტება. ესეც შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს თითქოს სოსო გოგაშვილმა ეს მონაცემები მან უკანონოდ გამოიტანა სამსახურიდან.

მესამე ეპიზოდი არის ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება. აქაც კითხვის ნიშნები და აბსურდული რაღაცები ჩნდება. კერძოდ, 5 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, საიდანაც 2 არის სწორედ ის იარაღები, რაზეც ოჯახის წევრები მიუთითებს რომ მოხდა ამ იარაღების ჩადება, ხოლო 3 ცეცხლსასროლი ეკუთვნით დაცვის თანამშრომლებს", - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.


ასევე წაიკითხეთ: