ოდესის დაბომბვა, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ დღეში მოხდა, არის ძალადობრივი ქმედება, რომელიც უნდა დაიგმოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე დაწერა.
„ეს მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს არც საკუთარ სიტყვას და არც გლობალურად არსებულ ჰუმანიტარულ და მომარაგებასთან დაკავშირებულ ვითარებას”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებიდან ერთ დღეში რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინის ოდესის პორტში ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. რუსებმა ოდესას ოთხი რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ დღეს გაავრცელა.
სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.