საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი)სულთმოფენობიდან მეხუთე კვირას ქადაგებისას განაცხადა, რომ უფალი უშვებს ჩვენზე უფალი სნეულებებს, როგორც ერთგვარ გაკვეთილს, შეიძლება ითქვას; ან თუ გნებავთ, სულის საკურნებელ საშუალებას, რომ დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს ღმერთისადმი დამოკიდებულებაზე, ცხოვრების აზრზე, არსზე, ჩვენს შეცდომებზე და გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება, გამოვსწორდეთ ჩვენ და სულიერად ფერი ვიცვალოთ
„უფალი ისმენს ჩვენს ლოცვებს, თუ ჩვენ გვაქვს საკმარისი რწმენა, მიუხედავად იმისა, ის ადამიანი, ვისთვისაც ჩვენ ვლოცულობთ, ახერხებს თუ არა უფალთან მოსვლას, გამოთქვამს თუ არა ამ სურვილს. შეიძლება ვერც გამოთქვამს და ვერც კი ხვდება იმას, რომ ჩვენ შეიძლება მას დავეხმაროთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ გვექნება ასეთი სარწმუნოება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია, მას დავეხმაროთ. მაგრამ ამის პირობა არის სიყვარულიც, რომელიც აქ გამოვლინდა, რომ ჩვენში უნდა დათესოს ასეთმა გაჭირვებულმა ადამიანმა სიყვარული, რომ ჩვენც ასე ვიმოქმედოთ. ან ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი სიყვარული, რომ უცხო ადამიანის მიმართაც შევძლოთ ასეთი სიყვარული, რომ უფალთან მივიყვანოთ ადამიანი ჩვენი ლოცვებითა და ჩვენი ცხოვრებით.
მოკლედ, ამაზე გვაფიქრებს დღევანდელი სახარება, რომ შევძლოთ სიყვარულის გამოვლინებაც მოყვასთან მიმართ და შევძლოთ, ჩვენ თავად დავთესოთ სიყვარული მათ გულებში, იმისთვის, რომ შემდეგ ადამიანები ვალდებულად მიიჩნევდნენ თავს, ჩვენ დაგვეხმარონ და მხარში ამოგვიდგნენ გაჭირვების ჟამს. ასევე გაძლიერებული უნდა გვქონდეს რწმენაც, რომ მივართვათ უფალს ადამიანთა გაჭირვებები, გაჭირვებაზე ლოცვა, ვუშუამდგომლოთ უფალთან მათ, იმიტომ რომ მხოლოდ უფალს შეუძლია ადამიანის განკურნება, სულისაც, ხორცისაც და განკურნება და გამრთელება რთული ურთიერთობებისა ადამიანთა შორის. აი, ამას გვასწავლის დღევანდელი სახარება“.