რომის პაპი ფრანცისკე ისტორიული ვიზიტით კანადაში გაემგზავრა. ვატიკანმა მოგზაურობას„სინანულის მომლოცველობა" უწოდა. რომის პაპმა უკრაინაში ჩასვლის სურვილი კვლავ გამოთქვა. მანამდე, მან Reuters-თან ინტერვიუში 4 ივლისს განაცხადა, რომ შესაძლოა, ამ თვის ბოლოს კანადაში მოგზაურობის შემდეგ ეწვიოს უკრაინას და რუსეთს. აღნიშნა, რომ ასეთი ვიზიტისთვის შესაფერისი მომენტი უნდა შეირჩეს. მოსკოვში ჯერ არცერთი პაპი არ ჩამოსულა. Vatican News-ის ცნობით, რომის პაპი ფრანცისკე კანადას 24-30 ივლისს ეწვევა.
კანადაში ვიზიტისას რომის პაპი პრემიერ-მინისტრ ჯასტი ტრუდოს შეხვდება.
CNN წერს, რომ პონტიფიკოსი ადგილობრივი მკვიდრი ბავშვებისადმი სასტიკი მოპყრობის საკითხში კათოლიკური ეკლესიის როლის გამო ბოდიშის მოხდას აპირებს. მედიის მიერ გავრცელებული ცნობებით, კათოლიკური ეკლესიის მეთაური კვებეკს (ქალაქი კანადაში, კვებეკის პროვინციის დედაქალაქი) და იკალუიტსაც (ქალაქი კანადის ჩრდილოეთ ნაწილში, კანადის ტერიტორიის ნუნავუტის ადმინისტრაციული ცენტრი) ეწვევა.
ცნობისთვის, 2021 წლის იანვარში კანადის სასკაჩევანის პროვინციაში, ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე ასობით უსახელო საფლავი იპოვეს.
როგორც ბრიტანული გამოცემა კანადის მკვიდრი მოსახლეობის უფლებების დამცველ ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერდა, აღმოჩენილია სულ მცირე 751 საფლავი. კანადის მკვიდრი მოსახლეობის ასამბლეის ხელმძღვანელმა, პერი ბელეგარდმა აღმოჩენას „ტრაგიკული, თუმცა არაგასაკვირი“ უწოდა. აღსანიშნავია, რომ მაისის ბოლოს კანადის ბრიტანული კოლუმბიის პროვინციაში ერთ-ერთი ინდიელი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე 215 ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს.
მე-19-20 საუკუნეებში კანადაში, მკვიდრი მოსახლეობის ბავშვების იძულებითი ასიმილიაციის მიზნით, სკოლა-ინტერნატები სავალდებულო იყო. სკოლები მთავრობისა და რელიგიური ლიდერების კონტროლს ექვემდებარებოდნენ. 1863-1998 წლებში მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელი 150 000 ბავშვი იძულებით დააშორეს ოჯახს და სკოლა-ინტერნატებში განათავსეს.
სკოლა-ინტერნატებში ყოფნისას გარდაიცვალა 4 100-ზე მეტი ბავშვი. ექვსწლიანი გამოძიების შედეგად, 2015 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია სკოლებში ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ფაქტებზე.