გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი იქნება

გერმანიის ახალი ელჩის ვინაობა ცნობილია. ჰუბერ ქნირშს პიტერ ფიშერი შეცვლის.

„რამდენიმე პირადი სიახლე: აგვისტოს ბოლოს მე და მარია თბილისში გადავდიართ. მექნება პატივი, ვიმსახურო საქართველოში გერმანიის ელჩად“, - წერს მომავალი ელჩი Twitter-ზე.

2018 წლის ივლისიდან ამ დრომდე ფიშერი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გერმანიის ელჩი იყო. მანამდე გახლდათ ენერგეტიკის, კლიმატის პოლიტიკისა და ექსპორტის კონტროლის მიმართულების დირექტორი ბერლინში, გერმანიის ფედერალურ საგარეო ოფისში. საქმიანობის სფერო მოიცავდა გლობალურ ენერგეტიკასა და კლიმატის პოლიტიკას, ასევე ექსპორტის კონტროლს და საერთაშორისო სანქციებს.

ელჩი ფიშერი არის კარიერული დიპლომატი, რომელიც ფედერალურ საგარეო უწყებას 1986 წელს შეუერთდა. მისი პროფესიული გზა ეკონომიკურ პროგრესსა და მდგრადობაზე იყო ფოკუსირებული. მას ეკავა რამდენიმე თანამდებობა ბერლინის ფედერალურ საგარეო საქმეთა ოფისში, მათ შორის იყო საერთაშორისო გარემოსდაცვითი პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი და მთავარი ეკონომისტი. პიტერ ფიშერი ფედერალური პრეზიდენტის აპარატში, საგარეო პოლიტიკის საკითხებში მრჩევლად მუშაობდა. 

მსახურობდა გერმანიის დიპლომატიურ მისიებში ვაშინგტონში, როგორც ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, თელ-ავივში ელჩის მოადგილედ, ასევე ლონდონში, შანხაისა და სინგაპურში. ელჩი ფიშერი ერთი წლით იყო გაგზავნილი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისში, სადაც ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე მუშაობდა. ის რამდენიმე თვით იყო მივლენილი საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სამინისტროშიც. 

მომავალი ელჩი ფლობს მაგისტრის ორ ხარისხს: ისტორია/პოლიტოლოგია ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი; მმართველობა/საერთაშორისო ურთიერთობები - ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, აშშ. (ფულბრაიტის პროგრამით). ასევე, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდიით, სწავლობდა პარიზში, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

რაც შეეხება ჰუბერტ ქნირშს, ის საქართველოში ელჩად 2018 წლის 18 სექტემბრიდან მუშაობდა.


გაეცანით ჰუბერტ ქნირშის ექსკლუზიურ ინტერვიუს Europetime-თან.