შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ ჩინეთის სამხედრო ძალები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უფრო აგრესიული და საშიში გახდა.
ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში მოგზაურობისას მილიმ განაცხადა: „გზავნილი არის ის, რომ ჩინელი სამხედროები ჰაერსა და ზღვაში, უფრო და უფრო აგრესიული გახდნენ ამ კონკრეტულ რეგიონში“.
მარკ მილი ინდონეზიის ეროვნული თავდაცვის ძალების ხელმძღვანელს, გენერალ ანდიკა პერკასას შეხვდა. მისი თქმით, წყნარი ოკეანის ქვეყნებს, მათ შორის ინდონეზიას, სურთ აშშ-ის სამხედროების ჩართულობა რეგიონში.
„ჩვენ გვსურს, ვიმუშაოთ მათთან თავსებადობის განვითარების და ჩვენი სამხედროების ერთობლივად მოდერნიზების მიზნით, რათა ჩინეთის მიერ წარმოქმნილ ნებისმიერ გამოწვევაზე პასუხი უზრუნველვყოთ“, - აღნიშნა მარკ მილიმ.
მისი თქმით, ინდონეზია სტრატეგიულად მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და დიდი ხანია, აშშ-ის მთავარი პარტნიორია.