- პირველ საჯარო ინტერვიუში ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ დასავლეთს უკრაინაში გამარჯვება სჭირდება, რადგან ჩინეთის ხელმძღვანელობა ყურადღებით ადევნებს თვალს ომს, რათა ტაივანში თავის მიზანს მიაღწიოს.
რიჩარდ მურის თქმით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ასე არსებითი, რომ დასავლეთმა შეინარჩუნოს სიმტკიცე და გადამწყვეტად იმოქმედოს რთულ სიტუაციაში.
„ჩვენ ვეხმარებით უკრაინელებს გამარჯვებაში, ან გნებავთ, მოლაპარაკებაში, ოღონდ, აწარმოონ ეს დიალოგი, მათთვის მნიშვნელოვანი, მტკიცე პოზიციიდან“, - თქვა რიჩარდ მურმა, ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის (MI6) ხელმძღვანელმა. „და მაინც, რატომ? ეს იმიტომ, რომ სი ძინპინი (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, რედ.) ამ ყველაფერს ქორივით უყურებს“, - ამატებს რიჩარდ მური.
ასპენის (კოლორადო) უსაფრთხოების ფორუმზე CNN-თან საუბარში რიჩარდ მურმა აღნიშნა, რომ სი ძინ პინი სათანადოდ ვერ აფასებს აშშ-ის ძალას, რამაც ის შესაძლოა, არასწორ გათვლებამდე მიიყვანოს.
მას არ სჯერა, რომ ომი ჩინეთსა და დასავლეთს შორის გარდაუვალია, მაგრამ თვლის, რომ დასავლეთმა პეკინი უნდა გააფრთხილოს იმ საშინელი შედეგების შესახებ, რაც შესაძლოა, ტაივანში მის შეჭრას მოჰყვეს.
უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე საუბრისას, მურმა გაიმეორა იგივე, რაც CIA-ს დირექტორმა უილიამ ბარნსმა ამავე ფორუმზე თქვა. კერძოდ, რუსულმა ძალებმა მიაღწიეს მცირე პროგრესს დონბასის რეგიონში ახლა, როდესაც კონფლიქტი გამანადგურებელ ომში გადაიზარდა.
„თუმცა მჯერა, რომ რესურსების ამოწურვის ფონზე რუს სამხედროებს მოუწევთ რაღაც ეტაპზე შეჩერება და ეს უკრაინელებს საპასუხო დარტყმის შესაძლებლობას მისცემს”, - აღნიშნავს ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის (MI6) ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, დროული იქნებოდა თუ უკრაინელი სამხედროები ახლავე დაიწყებდნენ ტერიტორიის დაბრუნებას, რადგან ეს ”მნიშვნელოვანი შეხსენება იქნება დანარჩენი ევროპისთვის, რომ ეს არის კამპანია გამარჯვებისკენ“.
„საკმაოდ მძიმე ზამთარში გველის. ევროპა გაზის მოხმარების შემცირებაზე საუბრობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პირობებში. ჩვენ რთული პერიოდი გვაქვს“, - ამბობს რიჩარდ მური.
ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის (MI6) ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნების მთავრობები ებრძვიან რუსეთის ჯაშუშურ საქმიანობას. კერძოდ, ევროპიდან რუსეთის დაზვერვის ოფიცრების დაახლოებით ნახევარი - 400 ადამიანი გააძევეს.
ირანთან დაკავშირებით მურმა თქვა, რომ მას არ სჯერა, უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი დაინტერესებულია შეერთებულ შტატებთან და სხვებთან ბირთვული შეთანხმების თემით, რაც ამერიკელი ოფიციალური პირების შეხედულებებს ემთხვევა. დასავლური მედია ხაზს უსვამს, რომ მურს განათლება შეერთებულ შტატებში აქვს მიღებული.
აღსანიშნავია, რომ Freedom House-ის შეფასებით, სხვა ავტორიტარული მმართველები თვალს ადევნებენ უკრაინაში შეჭრაზე პასუხს და სწავლობენ გაკვეთილებს საერთაშორისო დემოკრატიული კოალიციის გადაწყვეტილების შესახებ. თუ დემოკრატიის დამცველებს სურთ, გააფართოონ დემოკრატიის ღირებულებისა და დაპირების აღიარება, პირველი პრაქტიკული ნაბიჯები უნდა მოიცავდეს შემდეგ ძალისხმევას:
- თუ საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას სურს, შეაჩეროს ავტორიტარიზმის გავრცელება და დაიცვას და გააძლიეროს ფუნდამენტური თავისუფლებები, თანამოაზრე ლიდერებმა უნდა გამოიყენონ ეს გადამწყვეტი მომენტი, რათა მიიღონ მრავალმხრივი და მდგრადი გადაწყვეტილებები განსაკუთრებული გამოწვევების დროს. პროცესში უნდა ჩაერთონ სახელმწიფოები, სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი. იმ სიტუაციებში, როდესაც ავტორიტარები იყენებენ ძალადობას ან აგრესიას, ზეწოლა უნდა განხორციელდეს დეესკალაციის შესაძლებლობების შენარჩუნებით. რეგიონში დემოკრატიისთვის ბრძოლას გლობალური გავლენები აქვს.
ცნობისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია არც გმობს რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში და არც შეჭრას უწოდებს მას. ჩინეთი პირველად მოხვდა NATO-ს „სტრატეგიულ კონცეფციაში", რომელიც სამიტზე, მადრიდში მიიღეს. დოკუმენტი ასახავს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთის ამბიციები წარმოშობს. ამასთან, დიდი შვიდეულის (G7) უმსხვილესი დემოკრატიული ეკონომიკის ქვეყნები ჩინეთთან მიმართებით მკაცრი რიტორიკით გამოვიდნენ.