საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი. ეს იქნება გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მხარეთა მიერ გაკეთდება ერთობლივი განცხადებები.
ამასთან, საქართველოში ყოფნისას, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ეწვევა საოკუპაციო ხაზს, მოინახულებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას სოფელ წეროვანში და ადგილზე გაეცნობა ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას.
„ამასთან, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ეწვევა იუსტიციის სახლს,სადაც გაეცნობა სახელმწიფო სერვისების მიწოდების მოქმედ მოდელს და იმ რეფორმებს, რომლებსაც საქართველო ახორციელებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში და რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში.
აბდულა შაჰიდი ასევე მოინახულებს საქართველოში გაეროს ოფისს და შეხვედრებს გამართავს გაეროს პროგრამაში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ეწვევა კახეთის რეგიონს, რათა გაეცნოს რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს.