თამარ გაბუნია: 75 ქვეყანა და 16 000-ზე მეტი ინფიცირებული - ასეთია მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების დინამიკა

"75 ქვეყანა და 16 000-ზე მეტი ინფიცირებული, ასეთია მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების დინამიკა. საქართველოში ვითარება არ შეცვლილა, 10 საეჭვო შემთხვევიდან დაავადება მხოლოდ ერთ ადამიანს დაუდასტურდა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ვირუსი ახალი არ არის და მართვის გზები ნაცნობია.

„მაიმუნის ყვავილს“ არ ახასიათებს ისეთი სწრაფი და უკონტროლო გავრცელება, როგორც ეს არის რესპირაციული ვირუსების შემთხვევაში. როგორც იცით, ყვავილის ვაქცინაცია წარსულში ჩვენს ქვეყანაშიც ტარდებოდა და ეს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს იმუნურს ხდის. მესამე არის ის, რომ ეს ვირუსი ახალი არ არის, მისი მიმდინარეობა და მართვის გზები ნაცნობია და აქედან გამომდინარე სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.


ცნობისთვის, დაავადების პირველი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში 7 მაისს დაფიქსირდა. ინფორმაციისთვის, მაიმუნის ყვავილი (Monkeypox) ჩუტყვავილას „ოჯახიდან“ არის.