გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება ჯერ კიდევ არ აღიარა, არჩევნების შედეგების მიმართ ეჭვები გააღვივა და ხელი შეუწყო იმ მოვლენების განვითარებას, რაც გუშინ კაპიტოლიუმში მოხდა.
მერკელის თქმით, კაპიტოლიუმში მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებლობა დონალდ ტრამპს ეკისრება.
აღნიშნული განცხადებით გერმანიის კანცლერი დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნანახმა კადრებმა ძალიან გააბრაზა და დაამწუხრა.
”გუშინ ჩვენ ყველამ ვნახეთ აშშ-ის კონგრესის შტურმის შემაშფოთებელი სურათები და ამ სურათებმა გამაბრაზა და დამამწუხრა. ვწუხვარ, რომ ნოემბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა არჩევნებში დამარცხება არ აღიარა. დემოკრატიის საფუძველია არჩევნების შემდეგ გამარჯვებულები და დამარცხებულები იყვნენ. ორივე თავის როლს ასრულებს წესიერებით და პასუხისმგებლობით, რათა დემოკრატია დარჩეს გამარჯვებული. ტრამპმა არც ნოემბერში და არც გუშინ დამარცხება არ აღიარა. არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ეჭვები გააღვივა და ისეთი ატმოსფერო შექმნა, რამაც შესაძლებელი გახადა წუხანდელი მოვლენები”, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.