საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტს აბდულა შაჰიდს შეხვდა. ინფორმაცას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოსა და ორგანიზაციის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე და გაეროს მნიშვნელოვან როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.
პრემიერ-ინისტრმა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო მშვიდობისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვის, მდგრადი განვითარებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელი -გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი საქართველოში ქემლინ ფერლი, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსის მოადგილე ფერნანდო ანდერს მარანი, სამართლებრივ, საბიუჯეტო და რეფორმის საკითხებზე გუნდის ხელმძღვანელის მოადგილე ინგა ყანჩაველი.
საქართველოს მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.