„ევროპის შანტაჟი გაზით ყოველ თვე უფრო ძლიერდება. სახელმწიფო ტერორისტს ეს სჭირდება იმისთვის, რომ თითოეული ევროპელის ცხოვრება გაუარესდეს. ეს შეიძლება დამატებით სტიმულად განვიხილოთ, რომ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი უფრო წონიანი იყოს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტი, ასევე გამოეხმაურა „გაზპრომის“ განცხადებას „ჩრდილოეთ ნაკადი1“-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ. „დღეს ჩვენ მოვისმინეთ კიდევ ერთი მუქარა. დათმობის მიუხედავად, რუსეთი არ აპირებს ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებას, როგორც ამას კონტრაქტი ითვალისწინებს. ამას აკეთებს იმისთვის, რომ ევროპა ზამთრისთვის სათანადოდ ვერ მოემზადოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ესაა „გაზის ღია ომი“, რასაც რუსეთი გაერთიანებული ევროპის წინააღმდეგ აწარმოებს. „რუსეთისთვის სულ ერთია როგორ იქნებიან ადამიანები გაზის გარეშე, ემუქრებათ თუ არა მათ შიმშილი დაბლოკილი პორტების გამო. ან როგორ გრძნობენ თავს ზამთრის სიცივეში ან ოკუპაციის გამო. ეს უბრალოდ ტერორის სხვადასხვა ფორმებია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ „გაზპრომმა“ დღეს Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა. შედეგად გზსადენის დატვირთვა კიდევ 20% შემცირდება.
27 ივლისიდან დღე-ღამეში გაზის ამოტუმბვის მაჩვენებელი 33 მილიონი კუბური მეტრი იქნება. Nord Stream1-ის სიმძლავრე (გატარების მაჩვენებელი) დღე-რამეში 170 მილიონი კუბური მეტრია. 21 ივლისიდან, 10 დღიანი შეჩერების შემდეგ გაზსადენი მხოლოდ 40%-ით დაიტვირთა.