„დონალდ ტრამპ შენ დასრულებული ხარ და შენი მემკვიდრეობა საშინელება იქნება. შენ არ იცავ ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა twitter-ზე რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი კაპიტოლიუმში შეჭრის მოვლენებს.
"ჯო ბაიდენმა მოიგო არჩევნები და შედეგების შეცვლა წარუმატებელი იქნება, ეს ყველამ იცის, – ამის შესახებ ტრამპის თანაპარტიელმა კონგრესმენმა დღეს კაპიტოლიუმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კინზინგერმა მედიასთან საუბრისას აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს, გუბერნატორებსა და სენატორებს მოუწოდა, მომხდარი და მისი შედეგები დაგმონ.
რესპუბლიკელი კონგრესმენის შეფასებით, კაპიტოლიუმში შეჭრა არის გადატრიალების მცდელობა, რომელიც მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წაახალისა.
„რაც ჩვენ ყველამ აშშ-ის კაპიტოლიუმში ვიხილეთ, არ არის ამერიკა, რომელიც თავისუფლებისა და იმედის შუქურაა მსოფლიოსთვის. კაპიტოლიუმის შტურმი გადატრიალების მცდელობა იყო,“- განაცხადა კინზინგერმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში. ეს გადატრიალების მცდელობა მოქმედმა პრეზიდენტმა წაახალისა და არცთუ ბევრი რამ გააკეთა კაპიტოლიუმისა და კონსტიტუციის დასაცავად. „მოვუწოდებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს, მომხდარი და მისი შედეგები დაგმონ. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ „რესპუბლიკური პარტიის“ პრინციპებს და ვიბრძოლოთ კონსტიტუციისა და ჩვენი ამერიკული თავისუფლების დასაცავად. შემომიერთდით და ერთად დავიცვათ კონსტიტუცია, კანონი და წესრიგი,”- განაცხადა კონგრესმენმა.