აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრისას, მხარეებს თბილისში გამართული დიალოგის მსგავსი მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა და პრეზიდენტმა ალიევმა განიხილეს აზერბაიჯანისა და სომხეთის ისტორიული შესაძლებლობა რეგიონში მშვიდობის მისაღწევად. მდივანმა ევროკავშირის შუამავლობით ნაყოფიერი დისკუსიებისადმი მხარდაჭერა ასევე დაადასტურა.
აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა 1994 წლიდან და მზადაა, ორმხრივად და თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს გრძელვადიანი ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაში. მდივანმა ბლინკენმა ასევე მოუწოდა პრეზიდენტ ალიევს, გაათავისუფლოს დაკავებული სომეხი სამხედროები.
რაც შეეხება ფაშინიანთან სატელეფონო საუბარს, მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აზერბაიჯანის შესახებ გავრცელებული ცნობის თითქმის იდეტურია, იმ განსხვავებით, რომ სომეხი სამხედროების გათავისუფლება არ არის ნახსენები. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ბლინკენმა პრემიერი ფაშინიანი სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმული ნაბიჯების გამო შეაქო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის თბილისში გამართულ შეხვედრას 17 ივლისსაც მიესალმა. ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ამ შეხედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა.
თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 16 ივლისს გაიმართა.