სუს-ი: საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქრისტინე თაკალანძის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქრისტინე თაკალანძის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.

საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში 24 წლის ქრისტინე თაკალანძე, 20 ივლისს დააკავეს. 

ამასთან, აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ცნობით, „საგამოძიებო განყოფილებამ სამხედრო პროკურორის თანხმობით, ქრისტინე თაკალანძის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ჯაშუშობის მუხლით“.