საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძე ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ „მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის გამოუძიებელი შემთხვევების“ შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე, ჩვეულებრივი სიცრუე, როდესაც ხდება სიცრუის ტირაჟირება არასწორი ინფორმაციის გავრცელება. საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლაში და ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, იხილოთ საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული კვლევები და დარწმუნდებით, რომ ჩვენი ქვეყანა არის მოწინავე“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ „მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის გამოუძიებელი შემთხვევების“ შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
"ბოლო წლებში მაღალი დონის ე.წ. ელიტური კორუფცია და მასზე არასათანადო რეაგირება გამოიკვეთა, როგორც კორუფციის მხრივ საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ამ პრობლემის არსებობასა და სიმწვავეზე მიუთითებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების დასკვნები, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, მთელი რიგი გლობალური რეიტინგების შედეგები და საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები", - ნათქვამია განცხადებაში.