ამერიკის საელჩოს სამართლებრივი მრჩევლის პროგრამის დახმარებით, ქართული დელეგაცია სასწავლო ვიზიტით კოლორადოს შტატში დენვერს ეწვია. სასწავლო ვიზიტი ჩატარდა 18-22 ივლისს. ვიზიტის თემას კიბერ-დანაშაულის გამოძიება, დევნა, და ციფრულ მტკიცებულებებთან მუშაობა წარმოადგენდა. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„ვიზიტის მიზანი იყო ამერიკის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება კიბერდანაშაულთან ბრძოლის თემატიკაზე, და მასში მონაწილეობა მიიღეს პროკურორებმა, გამომძიებლებმა და სამართლებრივმა მრჩევლებმა. ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „ციფრული პროკურორი“-https://ndaa.org/, რომელზეც ამერიკის სხვადასხვა შტატიდან წარმოდგენილმა ექსპერტებმა მონაწილეებს გაუზიარეს გამოცდილება კიბერდანაშაულთან და მუდმივად მზარდი რაოდენობის ციფრულ მტკიცებულებებთან მუშაობის შესახებ“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.
კონფერენციის შემდგომ, ქართული დელეგაცია შეხვდა ამერიკის ფედერალური პროკურატურის დენვერის ოფისის წარმომადგენლებს: შტატის პროკურატურის ოფისს დენვერში და მის ხელმძღვანელს ბეთ მაქკენს; ამავე პროკურატურის კიბერდანაშაულთან ბროლის სამმართველოს; დენვერის პოლიციის დეპარტამენტს; ქალაქ ბოლდერის შერიფის დეპარტამენტს; ბოლდერის პროკურატურას, და მის ხელმძღვანელს, მაიკლ დოგერთის.
შეხვედრებზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახლად შექმნილი კიბერდანაშაულის სამმართველოსთვის საინტერესო ციფრული პროგრამები და საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს.