ჩინეთი ტაივანს აფრთხილებს, რომ მტკიცე რეაგირებას მოახდენს, თუ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა - კუნძულს, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად აცხადებს. პელოსი იქნება ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც სავარაუდოდ, ტაივანს 1997 წლის შემდეგ ეწვევა, რამაც ანალიტიკოსების თქმით, შეიძლება, ტაივანის სრუტეში დაძაბულობა გამოიწვიოს.
„ჩინურმა მხარემ არაერთხელ გამოხატა ჩვენი სერიოზული შეშფოთება სპიკერ პელოსის პოტენციური ვიზიტის შესახებ ტაივანში და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ამ ვიზიტს. მზად ვართ ნებისმიერი შემთხვევისთვის. თუ ამერიკული მხარე დაჟინებით მოითხოვს ვიზიტის განხორციელებას, ჩინური მხარე ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მტკიცე და ძლიერ ზომებს მიიღებს. შეერთებულმა შტატებმა მისგან წარმოშობილ ნებისმიერ სერიოზულ შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
რატომ სურს პელოსის ტაივანში ვიზიტი
პელოსი სამი ათწლეულის განმავლობაში ჩინეთის მტკიცე კრიტიკოსი იყო კონგრესში. მაგალითად, ერთხელ, პეკინის ტიანანმენის მოედანზე გაშალა ბანერი 1989 წელს პროდემოკრატიული დემონსტრანტების სისხლიანი დარბევის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. ტაივანი კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს და პელოსიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია ტაივანისადმი მხარდაჭერის გამოხატვა“.
რატომ გამოიწვევს ვიზიტი დაძაბულობის ზრდას?
ჩინეთი აცხადებს, რომ ტაივანი, როგორც მისი საკუთარი ტერიტორია, საჭიროების შემთხვევაში ძალით ანექსირებული იქნება და მისი სამხედრო გაძლიერება ბოლო წლებში ძირითადად, სწორედ ასეთ მისიას ემსახურება.
პეკინი ტაიპეისა და ვაშინგტონს შორის ყველა ოფიციალურ კონტაქტს ეწინააღმდეგება და შურისძიებით რეგულარულად იმუქრება. 1995 წელს, ტაივანის მაშინდელი პრეზიდენტის, ლი ტენ-ჰუის აშშ-ში ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთმა ტაივანის მახლობლად მდებარე წყლებში სამხედრო წვრთნები დაიწყო და რაკეტები გაისროლა, მაგრამ მას შემდეგ მისი სამხედრო შესაძლებლობები განვითარდა.
როგორც ექსპერტები ამბობენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიბეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს, თუმცა მისი პასუხი არაპროგნოზირებადი რჩება. საფრთხის შემცველი სამხედრო წვრთნები და გემებისა და თვითმფრინავების შეჭრა განიხილება პოტენციურ სცენარებად, რომლებიც მთელ რეგიონს საფრთხის წინაშე დააყენებს.
როგორია ტაივანის დამოკიდებულება ვიზიტის მიმართ?
რიტორიკა რბილია, რაც შესახლოა, ასახავდეს მის მშვიდ ქცევას და, სურვილს, არ დაუპირისპირდეს ჩინეთს, რომელიც გადამწყვეტ ეკონომიკურ პარტნიორად რჩება, კონტინენტურ ჩინეთში მილიონი ტაივანელი ცხოვრობს. დედაქალაქმა ტაიპეიმ ორშაბათს სამოქალაქო თავდაცვის წვრთნები ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ტაივანის საზოგადოება კატეგორიულად უარყოფს ჩინეთის მოთხოვნებს გაერთიანების შესახებ, კუნძულის სამხედროების შესაძლებლობა, თავი დაიცვან აშშ-ის დახმარების გარეშე, ძალზე საეჭვოა. ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტაივანი ყოველთვის მიესალმება აშშ-ის კანონმდებლების ვიზიტებს, მთავრობას ჯერ არ მიუღია რაიმე „ზუსტი ინფორმაცია“ პელოსის ვიზიტის შესახებ.
„სამშაბათს, წვრთნების დროს საუბრისას თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ სამხედროები აკონტროლებენ ჩინეთის სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების ყველა მოძრაობას კუნძულის გარშემო. „ამავდროულად, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება“, - აღნიშნა სპიკერმა.