ზელენსკი უინსტონ ჩერჩილის სახელობის ლიდერობის ჯილდოს მფლობელია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უინსტონ ჩერჩილის სახელობის ლიდერობის ჯილდო მიიღო. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაური დაჯილდოების ცერემონიაში ვიდეოკონფერენციის ფორმატში მონაწილეობდა. ღონისძიებას ესწრებოდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც ჯილდო თავად წარუდგინა უკრაინის პრეზიდენტს.  

ინფორმაცია გაავრცელა დიდი ბრიტანეთის მთავრობამაც.

„სერ უინსტონ ჩერჩილის სახელობის ლიდერობის ჯილდოზე პრეზიდენტი ზელენსკი წარდგენილია წარმოუდგენელი გამბედაობის, დაუმორჩილებლობისა და ღირსების გამო, პუტინის ბარბაროსული შეჭრის ფონზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„უინსტონ ჩერჩილის ლიდერობის ჯილდო არის ჯილდო ყველა უკრაინელისთვის. ყველა კაცისა და ქალისთვის, ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ პოლიტიკურ კუმირს, უინსტონ ჩერჩილს ჯერ კიდევ მარტში შეადარა. ბორის ჯონსონი, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტთან განსაკუთრებული მეგობრობა ჩამოუყალიბდა, ამბობდა, რომ ზელენსკი საკუთარი ხალხის ხმად იქცა.

„მან იცის, როგორც ჩერჩილი ამბობდა საკუთარ თავზე, შესაძლოა, ლომი არ იყოს, მაგრამ ღრიალის პრივილეგია აქვს. უკრაინელი ხალხია ლომი და ის აჩვენებს ნებას და დაუმორჩილებლობის განცდას“, - აცხადებდა ბორის ჯონსონი.