დღეს, როდესაც ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული, მიმაჩნია, რომ მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, თავისი ყურადღება მეტწილად კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
ივანიშვილის განმარტებით, მისთვის მთავარია, საქართველომ შეძლოს ურთულესი ვითარებიდან საბოლოოდ სათანადოდ გამოსვლა და მშვიდობის შენარჩუნება.
„უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს, რათა საქართველომ საბედისწერო ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან.
ამასთან, დღეს, როდესაც ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული, მიმაჩნია, რომ მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, თავისი ყურადღება მეტწილად კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს“, - ნათქვამია ივანიშვილის განცახდებაში.