ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე რეფერენსული ფასების განსაზღვრასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაიწყო, მნიშვნელოვნად შემცირდება ჯანდაცვის ფასები - ქვეყანა გეგმავს მედიკამენტებზე ის ზღვრული ფასი განსაზღვროს, რა ფასის ფარგლებშიც წამლების შემოტანა და შემდგომ რეალიზაცია მოხდება,- ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნანა შაშიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, მედიკამენტები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩვეულებრივ შემოვა, თუმცა ზღვრული ფასი დაწესდება.
„რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ აქტიური მუშაობა დაიწყო, მნიშვნელოვნად შემცირდება ჯანდაცვის ფასები. რეფერენტული ფასების პოლიტიკას ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა იყენებს. არსებობს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ თემაზე მუდმივად მუშაობს. პირველი ეს არის, რომელი ქვეყნები იქნება შერჩეული რეფერენტულ ქვეყნებად. ქვეყნების შერჩევისას გათვალისწინებულია რამდენიმე კრიტერიუმი, მათ შორის საქართველოს მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და დაბალი ფასები.
მედიკამენტები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩვეულებრივ შემოვა, თუმცა ვიმეორებ, დაწესდება ის ზღვრული ფასი რა ფასის ზემოთაც ფიზიკურად მედიკამენტების მიწოდება პაციენტებისთვის ვეღარ მოხდება. მედიკამენტები შემოვა ევროკავშირის ქვეყნებიდან, მათ შორის აშშ-დან. ასევე, კანადადან და ავსტრალიიდან“, - განაცხადა შაშიაშვილმა.