სლოვენია კიევს ახალ სამხედრო დახმარებას ჰპირდება და უკრაინის რეკონსტრუქციაშიც ჩაერთვება

სლოვენია უკრაინის გათავისუფლებული ტერიტორიების განაღმვის მიზნით, კიევს აღჭურვილობას გაუგზავნის და უკრაინის, კერძოდ კი, ქალაქ ხარკოვის რეკონსტრუქციაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტანია ფაიონის კიევში ვიზიტისას გახდა ცნობილი.

„თუ გადავხედავთ სლოვენიის ზომას, სლოვენიის ეკონომიკის ზომას და შევადარებთ დახმარებას, რომელიც ამ ქვეყანამ გაუწია უკრაინას, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, მივხვდეთ, რა გააკეთა ამ ქვეყანამ ჩვენთვის“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

გარდა ამისა, უახლოეს დღეებში სლოვენიის მთავრობა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ახალ პაკეტს განიხილავს. სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტანია ფაიონმა აღნიშნა, რომ უკრაინამ სთხოვა სლოვენიას უსაფრთხოების დამატებითი დახმარება.

„ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ პატარა სახელმწიფო ვართ, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის დახმარებას. ჩვენ გამოვყოფთ 8 მილიონ ევროზე მეტს და ასევე გავითვალისწინებთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკრაინისა და მისი მოქალაქეების დასახმარებლად მომავალში“, - განაცხადა ფაიონმა.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის აგრესიას. ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო კანონმდებლობაზე", - აღნიშნა სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, სლოვენიამ უკრაინაში გაგზავნა საბრძოლო მასალა და 35 ქვეითი საბრძოლო მანქანა. გარდა ამისა, სლოვენია აწარმოებს მოლაპარაკებებს გერმანიასთან ტექნიკის გაცვლაზე. აღინიშნა, რომ სლოვენია უკრაინას გადასცემდა ტანკების დიდ რაოდენობას და სანაცვლოდ მიიღებდა გერმანულ Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და ჯავშანტრანსპორტიორებს.