- ხიდი ჩინურმა კომპანიამ ააშენა
- თანხების დიდი ნაწილი ევროკავშირმა გამოყო
ხორვატიამ ოფიციალურად გახსნა პელეშაკის ხიდი, რომელიც მისი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილების დასაკავშირებლად აშენდა. ის ბოსნია-ჰერცეგოვინის კუთვნილი მიწის ვიწრო ზოლით იყო გამოყოფილი. აქამდე ხორვატებს ბოსნია და ჰერცეგოვინის კუთვნილი მიწის გადაკვეთა უწევდათ. პელეშაკის ხიდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ხორვატიის ექსკლავს დანარჩენ ქვეყნებთან ბოსნია და ჰერცეგოვინის გვერდის ავლით დააკავშირებს.
ცერემონიას ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი, პრემიერ მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ლი კეჩიანმა ცერემონიაზე ვიდეოგზავნილი გაავრცელა.
2,4 კილომეტრიანი (1,5 მილი) სიგრძის, 55 მეტრი (180 ფუტი) სიმაღლის ხიდი ხორვატიის ტრანსპორტის განვითარების 2014-2020 წლების სტრატეგიის ფარგლებში აშენდა. მთლიანი პროექტის ღირებულება 525 მილიონ ევროს შეადგენს (531 მილიონი აშშ დოლარი), საიდანაც 357 მილიონი ევრო ევროკავშირმა გრანტის სახით უზრუნველყო.
ხიდის გახსნის დღეს, ხორვატიულმა კომპანია Rimac Automobili-მა, რომელიც სპორტულ ელექტრომანქანებს აწარმოებს, თავისი 1,914 ცხენის ძალის, მთლიანად ელექტრო ჰიპერმანქანა Rimac Nevera წარადგინა. ის გახდა პირველი მანქანა, რომელმაც ახალი ხიდი გადაკვეთა.
პელეშაკის ხიდი, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინაში ერთადერთი სანაპირო ქალაქის, ნეუმის სანაპიროსთან აშენდა, ხორვატიისთვის ისტორიული და სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ხიდი China Bridge and Road Corporation-მა ააშენა.
ცნობისათვის, როდესაც იუგოსლავია დაიშალა და 1991 წელს, ხორვატია დამოუკიდებელი გახდა, ახალი საზღვრების თანახმად, ხორვატიის სანაპირო ზოლის ორი ნაწილი გაიყო ბოსნიის სანაპირო ზოლის 9 კმ სიგრძის მონაკვეთით, რომელიც ცნობილია როგორც ნეუმის დერეფანი.
სანაპიროზე წვდომის უფლებას ბოსნია 1699 წლიდან ფლობს, როდესაც ნეუმი დუბროვნიკმა (დუბროვნიკი - ქალაქი ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, ხორვატიის უკიდურეს სამხრეთში) (თანამედროვე ხორვატიაში) მაშინდელ ოსმალეთის იმპერიას გადასცა.