ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი ნაკლებად პოლიტიზირებული უნდა იყოს, - ამის შესახებ „ტვ.პირველის“ ეთერში, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებაში უნდა შეიქმნას კონსენსუსი, რომ მიხეილ სააკაშვილი ღირსეულ ჯანდაცვას იმსახურებს.
„ესაა მნიშვნელოვანი, რომ მისი საკითხის დეპოლიტიზირება მოხდეს. ამისთვის საჭიროა, რომ პოლიტიკაში მისი როლი გადაიხედოს. ერთი კვირაა საქართველოში ვარ ოჯახისა და მამის სანახავად და მე და დედამ საქართველოს გარშემო ცოტა ვიმოგზაურეთ...არაფერი ოფიციალური. ხალხი გვხდება ქუჩაში და გვეკითხება, მიშა როგორ არის. ვგრძნობ, რომ საზოგადოებას აინტერესებს მამაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობა.მაგრამ ადამიანებს ტონში ვამჩნევ, რომ მამაჩემი მათთვის არ არის მომავლის ლიდერი. ისინი არ ამბობენ, რომ მიშა გამოვიდეს და გადაგვარჩენს. ბევრი ადამიანი ასე ფიქრობს და ეს ლოგიკურია, მაგრამ არის ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებიც აფასებენ მის როლს საქართველოს უახლეს ისტორიაში. უბრალოდ მისთვის უნდათ კარგი და ნერვიულობენ მასზე, როგორც ადამიანზე. ხშირად ეს ადამიანები, არც „ნაციონალური მოძრაობისა“ და არც მიშას ამომრჩევლები არიან“, - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისა და ცენტრ „ემპათიის“თანამშრომლების განცხადებით, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა აუცილებელია, რადგან გორის სამხედრო ჰოსპიტალში რეაბილიტაცია ვერ დაასრულა. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან თბილისში, სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“მკურნალობს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.