კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე: არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე ომში ან „შანტაჟზე“

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ადასტურებს.

კელი დეგნანის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი „საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში“, ან შანტაჟზე, ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას.

„როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდასაჭერად.

მოდით, ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები - არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. ამ საკითხებზე მას ან იმ კონკრეტულ ბანკებს უნდა მიმართოთ.

როდესაც შეერთებული შტატები ფინანსურ სანქციებს აწესებს, ჩვენ მათ საჯაროდ ვაცხადებთ. სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე არის საძიებო სია, სადაც ბანკებს, მედიას და ფართო საზოგადოებას შეუძლიათ, შეამოწმონ, ვინ ექვემდებარება და არ ექვემდებარება ფინანსურ სანქციებს.

შვეიცარიის საბანკო ანგარიშების ნებისმიერი განხილვა, გულწრფელად, არის ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი სამუშაოდან. როგორც ბატონმა ივანიშვილმა 27 ივლისის განცხადებაში აღნიშნა, ეს არის კერძო საქმე მასსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის“, - განაცხადა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს გავრცელებული განცხადებით დაადასტურა, რომ „აშშ-ის ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.