ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატების მხრიდან სანქციებისა და ზეწოლის შესახებ ბევრი ბუნდოვანი ინსინუაცია იყო. მისი განმარტებით, როდესაც აშშ სანქციებს აწესებს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ცნობილი ხდება, რადგან ინფორმაცია ღია და ხელმისაწვდომია.
„შეერთებული შტატების მხრიდან სანქციებისა და ზეწოლის შესახებ ბევრი ბუნდოვანი ინსინუაცია იყო. ფინანსური სანქციები ასე არ მუშაობს. მათ, ვინც სანქცირებულია შეერთებული შტატების მიერ, ეს იციან, რადგან ინფორმაცია საჯაროდ არის განთავსებული. სახაზინო დეპარტამენტი გამოსცემს პრესრელიზებს, არსებობს საჯარო საძიებო სია, რათა ეცნობოს ბანკებს და სხვა ინსტიტუტებს სანქციების დაწესების შესახებ.
„ჩვენც გვაქვს კითხვები საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტიდან - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებიდან ყურადღების გადატანის მოტივებზე და დაჟინებით იმის გამეორებაზე, რაც უკვე არაერთგზის ითქვა, რომ დეზინფორმაციაა. ჩვენ არაერთხელ ვუპასუხეთ კითხვებს საქართველოში ჩვენი მრავალწლიანი მუშაობის შესახებ. რადგან, როგორც ჩანს, ზოგს ჯერ კიდევ ვერ გაუგია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაგვიკისრებია სანქცია.
ჩვენ არ ვერევით საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებებში და არ გვაქვს ფარული შეხვედრები და ასე იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. პირიქით, ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ მოსამართლეებთან, პროკურორებთან და ადვოკატებთან საქართველოში, ხელს ვუწყობთ მათი სამართლებრივი უნარების განვითარებას კანონის გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად ადმინისტრირებისთვის, რაც შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან.
საელჩო ორიენტირებულია გააგრძელოს მტკიცე თანამშრომლობა, რამაც განსაზღვრა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. ეს იყო წარმატებული და პროდუქტიული პარტნიორობა, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ და რითიც ათასობით საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა“, - განაცხადა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.