ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევრის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, შუა დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამ ფონზე ექსპერტი საქართველოს გააქტიურების მნიშვნელობაზე საუბრობს. ამ თემაზე ექსპერტმა Europetime-თან ისაუბრა.
„საქართველო უნდა იყოს ძალიან აქტიური, მზად უნდა იყო ახალი შეთავაზებისთვის და ცდილობდეს, რომ მაქსიმალურად მოახდინოს ამ ინტერესის კაპიტალიზაცია, რაც რა თქმა უნდა, ზრდის ქვეყნის გეოპოლიტიკურ ფუნქციასაც; მიმზიდველობას და საბოლოო ჯამში, ეს კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი განვითარებისთვის.
მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ფუნქცია უფრო მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი პარტნიორებისთვის. რაც უფრო მეტი დაინტერესებაა ამ დერეფნით, მით უფრო მეტად ვხდებით საინტერესო იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არიან დაინტერესებული, საქართველოს გავლით მოახდინონ ევროპაში ტრანსპორტირება. ამ დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად ვასრულებთ. მაშინ, როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ალტერნატივების ძიებაში არიან, ჩვენ უნდა შევთავაზოთ ჩვენი შესაძლებლობები და მეორე მხრივ, ვიფიქროთ, როგორ გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები. ახლა რომ ანაკლია გვქონოდა აშენებული, გაცილებით უფრო ძლიერები ვიქნებოდით“, - მიიჩნევს თენგიზ ფხალაძე.
ცნობისათვის, ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“, ანუ „შუა დერეფანი“ (Trans-Caspian International Transport Route - TITR, Middle Corridor) - ეს არის სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების დერეფანი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას აკავშირებს ევროპის კავშირთან ცენტრალური აზიის, კავკასიის, თურქეთის და აღმოსავლეთ ევროპის გავლით.
ასევე წაიკითხეთ
ყაზახეთის პრეზიდენტი: ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი იზრდება