თენგიხ ფხალაძე: რუსეთი ცდილობს, ქვეყნებს მისი გავლენის სფეროდან გასვლის საშუალება არ მისცეს

დასავლეთის მიერ დაწესებული მძიმე სანქციების ფონზე, რუსეთი მოკავშირეებს ეძებს. ამას საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის აფრიკული ტურნე მოწმობს. იმ დროს, როცა აფრიკის ბევრი ქვეყანა მძიმედ განიცდის მარცვლეულის დეფიციტს, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა გამოიწვია, ლავროვი ოფიციალურ შეხვედრებზე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მარცვლეულის კრიზისში დასავლეთი და მის მიერ დაწესებული სანქციებია დამნაშავე.

საგულისხმოა, რომ მანამდე, ჯერ ლავროვი და შემდეგ პუტინი სტუმრობდნენ მოკავშირე ირანს, სადაც ჩასვლამდე გავრცელდა თეთრი სახლის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანი შესაძლოა, ემზადებოდეს, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. ირანმა ეს ცნობა უარყო. 27 ივლისს, ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ თეირანი მოსკოვს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის.

ლავროვმა ევრაზიული სივრცეც მოიცვა და 28 ივლისს უკვე უზბეკეთის დედაქალაქში ჩავიდა.

ხსენებული გარემოებები ექსპერტებს აძლევს დასკვნის საშუალებას, რომ დასავლეთის მიერ შემოღებული სანქციების შედეგად, რუსეთი რთულ ვითარებაშია და ეს ვითარება კიდევ უფრო რთულდება. ამიტომ, რუსეთი ცდილობს, მოიპოვოს მეტი პარტნიორი და მეტი მხარდაჭერა.

„ვგულისხმობ, სავაჭრო-ეკონომიკურ მიმართულებას, უპირველეს ყოვლისა, უზბეკეთთან სწორედ ეს თემებია, რადგან აქ არის უკვე ევრაზიული სივრცის მოდელი, რომელიც მოქმედებს და რუსეთი ცდილობს, რომ მისი გავლენის სფეროებში მყოფ ქვეყნებს (და, უზბეკეთი სამწუხაროდ, ასეთია) აქედან გასვლის საშუალება არ მისცეს, რადგან ეს ქვეყნები უფრო და უფრო სკეპტიკურად უყურებენ რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას; ეძებენ ალტერნატივებს; ეძებენ გადაზიდვების ალტერნატივებს და ამ შემთხვევაში, სწორედ ეს შუა დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.  

რუსეთი ცდილობს, რომ თავისი გავლენის სფეროები მაქსიმალურად შეინარჩუნოს. გააფართოოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იმიტომ, რომ სანქციების გამო უამრავი პრობლემა შეექმნა. მისთვის ვითარება ყოველდღიურად მძიმდება“, - მიიჩნევს ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე.

Europetime-თან ის ამბობს, რომ თავად ცენტრალური აზიის ქვეყნები დიდი ხანია, ცდილობენ რუსეთის გავლენის ზონიდან გამოვიდნენ.

„ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, საუბარია ყაზახეთსა და უზბეკეთზე. არის თურქმენეთიც, თუმცა ეს ქვეყანა თავისი სტატუსიდან გამომდინარე არ არის ისე დემოკიდებული რუსეთზე, როგორც ეს ორი ქვეყანა და სიტუაციის არევის ნაკლები ბერკეტი აქვს რუსეთს თურქმენეთში, ვიდრე ამ ორ ქვეყანაში. ეს ქვეყნები არიან იმის ძიებაში, როგორ შეამცირონ თავისი დამოკიდებულება რუსეთზე, უყურებენ ალტერნატივებს“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე.

„ეს ერთ-ერთი იმ იშვიათი სწორი პოლიტიკური ნაბიჯთაგანი იყო, რომელიც ბოლო პერიოდში გადაიდგა, რადგან ეს ვითარება კიდევ უფრო წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ის დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის - საქართველო უნდა იყოს ძალიან აქტიური, მზად უნდა იყოს ახალი შეთავაზებისთვის და ცდილობდეს, რომ მაქსიმალურად მოახდინოს ამ ინტერესის კაპიტალიზაცია, რაც რა თქმა უნდა, ზრდის ქვეყნის გეოპოლიტიკურ ფუნქციასაც; მიმზიდველობას და საბოლოო ჯამში, ეს კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი განვითარებისთვის.

მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ფუნქცია უფრო მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი პარტნიორებისთვის. რაც უფრო მეტი დაინტერესებაა ამ დერეფნით, მით უფრო მეტად ვხდებით საინტერესო იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არიან დაინტერესებული, საქართველოს გავლით მოახდინონ ევროპაში ტრანსპორტირება. ამ დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად ვასრულებთ. მაშინ, როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ალტერნატივების ძიებაში არიან, ჩვენ უნდა შევთავაზოთ ჩვენი შესაძლებლობები და მეორე მხრივ, ვიფიქროთ, როგორ გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები. ახლა რომ ანაკლია გვქონოდა აშენებული, გაცილებით უფრო ძლიერები ვიქნებოდით“, - მიიჩნევს თენგიზ ფხალაძე.