თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების გზები განიხილეს. მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, მეზობლებს შორის სტრატეგიული ურთიერთობები სამაგალითო დონეზეა.
ჩავუშოღლუმ და აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოსთან ეკონომიკურ კავშირებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. „14 წლის განმავლობაში ჩვენ ვართ საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი. ჩვენმა ორმხრივმა ვაჭრობამ გასულ წელს (2021 წელს) 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა", - აღნიშნა მინისტრმა. მანვე დაამატა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლები უნდა გაფართოვდეს. მისივე თქმით, ორმხრივი ვაჭრობა უნდა დაბალანსდეს ორივე ქვეყნის სასარგებლოდ.
ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ჩვენ გვინდა, რომ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტები მშვიდობიანი გზით გადაწყდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში“, - აღნიშნა მინისტრმა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ თურქეთის „მტკიცე მხარდაჭერა“ გამოხატა.
კონკრეტული თარიღის დასახელების გარეშე ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც გეგმავს საქართველოს ვიზიტს. ჩავუშოღლუმ ისიც განაცხადა, რომ 2 აგვისტოს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაემგზავრება თურქეთ-აზერბაიჯან-უზბეკეთის საგარეო საქმეთა, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მინისტრების სამმხრივ შეხვედრაზე დასასწრებად.
თურქული მედია წერს, რომ თავის მხრივ, დარჩიაშვილმა თურქ კოლეგასთან შეხვედრას ძალიან სასარგებლო უწოდა და განაცხადა, რომ მათ განიხილეს ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე ტრანსპორტირებისა და ენერგეტიკის საკითხები. მისივე თქმით, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. როგორც მინისტრმა დაამატა, თურქეთმა და საქართველომ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი არიან სანდო პარტნიორები და კარგი მეზობლები.